English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ თენგიზ ქავთარაძე
ინოვაციური პოლიტიკა აშშ-ს სოფლის მეურნეობაში და საქართველოში მისი გამოყენების შესაძლებლობები

რეზიუმე

ნაშრომში განხილულია აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი. გამოთქმულია აზრი მათ მაგალითზე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პოლიტიკის გატარების შესახებ.

საკვანძოსიტყვები: აგროსასურსათო წარმოება, ევროკავშირის ქვეყნები, ინოვაცია, ინოვაციური პოლიტიკა, ინოვაციური საწარმო.

შესავალი

საინოვაციო საქმიანობა წარმოადგენს ქვეყნის განვითარების იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის წარმატებულმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა და ბაზრის შევსება საკუთარი წარმოების სხვადასხვა სახის კონკურენტუნარიანი პროდუქტით.

ინოვაცია მეცნიერული ცოდნისა და მოწინავე გამოცდილების მიღწევების გამოყენებაზე დამყარებული სიახლეებია ტექნიკაში, ტექნოლოგიაში, შრომის ორგანიზაციასა და მართვაში. მეცნიერულ და ტექნოლოგიურ სიახლეთა გამოყენება ეხება ადამიანთა საქმიანობის ყველა, მათ შორის აგრარულ სფეროს.

მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ტექნიკური და ეკონომიკური სიახლეების გამოყენება გულისხმობს საქონლის ახალ სახეობათა ათვისებას, ასევე ახალი ტექნოლოგიების, შრომისა და მეწარმეობის პროგრესული ფორმების დანერგვას.

აშშ-ის სახელმწიფო აგრარული ინოვაციური პოლიტიკა  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს სოფლის მეურნეობაში ინოვაციური საქმიანობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციონირების მიზნებს, ძირითად მიმართულებებსა და მეთოდებს. განვითარების თანამედროვე ეტაპზე სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკისა და ტექნოლოგიის უახლესი მიღწევების, საერთოდ, სამამულო და საერთაშორისო ინოვაციური საქმიანობის შედეგების წარმატებით გამოყენებას მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და საზოგადოების მუდმივად მზარდ მატერიალურ და კულტურულ ღონისძიებათა სულ უფრო სრულად დაკმაყოფილებისათვის. იგი მოიცავს სამ ეტაპს: არსებულ პოტენციურ შესაძლებლობათა ყოველმხრივი გაანალიზების საფუძველზე შემუშავებულ ქვეყნის ინოვაციური საქმიანობის განვითარების მეცნიერულად დასაბუთებულ კონცეფციას; ინოვაციური საქმიანობის განვითარებისადმი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრას; ინოვაციური საქმიანობის გააქტიურების განსახორციელებლად პრაქტიკულ სამოქმედო ღონისძიებათა დასახვას.

 *  *  *

აშშ-ის აგრარულ ინოვაციურ პოლიტიკაში გამოყოფენ ორ მხარეს: სტრატეგიულსა და ტექნიკურს. სტრატეგიული ჩვეულებრივ გრძელვადიან და შედარებით მასშტაბურ ამოცანებს ისახავს და გულისხმობს როგორც ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფროებრივი რეგულირების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, ისე მეცნიერული პოტენციალის რაციონალური გამოყენების ოპტიმალური მეთოდების შერჩევას. ტაქტიკური კი მნიშვნელოვანწილად ისეთი კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებას მოიცავს, რომელთაც შეუძლიათ დასახული მიზნების მაღალეფექტიანი განხორციელება. პრაქტიკურ ქმედებებში იგულისხმება ინოვაციური საქმიანობის განვითარების ამოცანების რეალიზაციისათვის მიმართული ღონისძიებები: მეცნიერულ კვლევათა დაფინანსება, კვალიფიციური კადრების დაკომლექტება, მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი პირობების შექმნა და ა.შ.

ინოვაციებს ადგილი აქვს ნებისმიერი წყობილების დროს, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ის იღებს უწყვეტ ხასიათს და ხდება განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.ეს პროცესები მსოფლიოში დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. ამიტომაა, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკას ინოვაციურ ეკონომიკას უწოდებენ. ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვაციების ნაკადს, ტექნოლოგიების, ინფორმაციის, ინსტიტუციების, ადმინისტრაციული კაპიტალის, წარმოების ორგანიზაციის, პროდუქციისა და ა.შ. გამუდმებულ სრულყოფას, მეცნიერთა და ინოვატორთა ინტელექტუალურ შრომას და არა უბრალოდ კაპიტალს. მეცნიერება, გამოგონება, ინოვაცია ასეთ ეკონომიკაში განვითარების ერთიან ორგანულ ფაქტორს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინოვაციურ ტექნოლოგიებს. ტექნოლოგია არის ის წესი და საშუალება, რომლის მეშვეობითაც ხდება ამოსავალი მასალების გარდაქმნა საჭირო საქონლად ან მომსახურებად. უფრო ზუსტად, ტექნოლოგია - ეს არის შერწყმა კვალიფიციური ჩვევების, მოწყობილობების, ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ტექნიკური ცოდნის.

მაღალი ტექნოლოგიები ინოვაციური ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორია, ვინაიდან იგი იწვევს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტის განვითარებასა და სრულყოფას. მაღალი ტექნოლოგიები წარმოადგენს სულ უფრო ახალ და პროგრესულ ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენება მიმდინარე ეტაპზე აჩქარებს საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური განვითარების პროცესს. ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა განვითარების მაღალ დონეს მიაღწია სწორედ მეცნიერებატევადი და მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებით. ეს კი განხორციელდა სახელმწიფო პროტექციონისტული პოლიტიკის გამოყენებით, ექსპორტის სტიმულირებით, იმპორტის შეზღუდვით საბაჟო თუ ადმინისტრაციული ბარიერებით.

ინოვაციური სექტორის ხვედრითი წილი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში განუხრელად იზრდება. უკვე გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის საქმიანობის ინოვაციურ სახეობათა ხვედრითმა წილმა აშშ-ის მთლიან ეროვნულ პროდუქტში 50%-ს მიაღწია [აბესაძე რ. 2014]. 1990 წელს ინფორმაციის მიღებისა და დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობით იყო დაკავებული: აშშ-ში დასაქმებულთა რიცხოვნობის 47,4%, დიდ ბრიტანეთში - 45,8%, საფრანგეთში  - 45,1.

ინოვაციური პროცესების ათვისებასთან დაკავშირებით რადიკალურ ცვლილებებს განიცდის წარმოების მუშაკთა პროფესიული სტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ 2005 წლისათვის აშშ-ში მუშის 150 პროფესიიდან სულ 15-მდე დარჩა [ჩიქავა ლ. 2006]. როგორც რეალური ვითარების ანალიზი ცხადყოფს, ამჟამად მეცნიერებატევადი პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე აშშ-ის ხვედრითი წილი დაახლოებით 40%-ს შეადგენს, იაპონიის  - 30%-ს, გერმანიის - 16%-ს, ხო-ლო რუსეთისა - 0,3%-ს არ აღემატება.ინოვაციის რა დონეზე იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის  ეკონომიკა, პასუხი არ არის [ჩიქავა ლ. 2006:55]. ეკონომიკის ინოვაციური სექტორის საზღვრების დადგენა, ფუნქციონირების ამსახველი ზუსტი ფაქტობრივი მონაცემების მოძიება, მათი გაანალიზება და სათანადო დასკვნების გაკეთება საკმაოდ დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული (თუ, საერთოდ, შეუძლებელი არა), ამიტომ შეინიშნება კიდეც მისი შინაარსობრივი დატვირთვის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა ეკონომიკურ ლიტერატურაში, მაგრამ ძირითადი კონტურების მიახლოებით მაინც განსაზღვრის ცდები სახეზეა.

როგორც ჩანს, ამ გარემოებით აიხსნება ის ფაქტი, რომ სპეციალისტები რომლებიც სწავლობენ ინივაციურ წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არ იფარგლებიან ეკონომიკის ე.წ. ინოვაციური სექტორით და უპირატესობას ანიჭებენ საერთოდ მეცნიერებატევადი დარგების შესწავლას, რაც სავსებით მართებული მიდგომაა. მაგალითად, საფრანგეთში ხორციელდება გამოყენებითი სახელმწიფო პროგრამები. იაპონიაში მიმდინარეობს ინოვაციიური პროგრამმების სახელმწიფო მხარდაჭერა. ინოვაციური ფორმირებები იაპონიაში დაფუძნებულია მეცნიერებისა და წარმოების მჭიდრო კოოპერაციასთან, რითაც იგი განირჩევა ევროპული და ამერიკული მოდელებისაგან. სამეცნიერო კვლევების ეფექტიანობა იაპონიაში ექვსჯერ მაღალია ვიდრე აშშ-ში და წარმოებაში მათი დანერგვის ვადა შემცირებულია ერთ წლამდე. ინოვაციური პროცესების ბოლო სტადიაზე ფირმებს გააჩნიათ საბაზრო საფუძველი, რაც განაპირობებს იაპონური ეკონომიკის შთამბეჭდავ წარმატებებს [ФГУРССК, 2006:136].

რუსეთში ჩამოყალიბდა ინოვაციური სტრუქტურები (საწარმოო, ანალიტიკური, კონსალტინგური), შეიქმნა სარისკო ფირმები, დაწესდა შეღავათები (საგადასახადო) ინოვაციებზე, განხორციელდა ინოვაციური პროექტების საკონკურსო წესით დაფინანსება, შეიქმნა ინოვაციური სფეროს მასტიმულირებელი საკანონმდებლო ბაზა.

აშშ-მა ეკონომიკის აღმავლობას მიაღწია სახელმწიფოს აქტიური ზემოქმედებით. აქ ტექნოლოგიური განვითარება გახდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საფუძველი და ამ სფეროში განხორციელდა შემდეგი ძირითადი მიზნები: შეიქმნა სამეწარმეო კლიმატი ინოვაციური საქმიანობის გაფართოებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, მოხდა სამეცნიერო სამუშაოების სტიმულირება. ახალ ტექნოლოგიათა ბაზაზე შეიქმნა საუკეთესო ინფრასტრუქტურა, განხორციელდა ინოვაციები მრეწველობისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ასევე განხორციელდა სამხედრო და სამოქალაქო წარმოების ინტეგრაცია, ჩამოყალიბდა მაღალკვალიფიციური შრომითი რესურსები, რომლებიც მონაწილეობენ ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაში.

ევროკავშირის ქვეყნებში ინოვაციური პოლიტიკა სახელმწიფო მართვის სისტემის განუყრელი ნაწილი გახდა; ევროკავშირში შეთანხმდნენ ინოვაციური საწარმოს ცნებაზეც; ინოვაციურია საწარმო, თუ ბოლო სამი წლის მანძილზე ერთ-ერთი წლის დანახარჯი კვლევაზე ბრუნვის 15%-ს აღემატება და კონკურენტუნარიანია. ევროკავშირში სამეცნიერო კვლევებზე მშპ-ის 2% იხარჯება; აშშ-ი ეს მაჩვენებელი 2,7%-ია, იაპონიაში - 3,1%; დასახელებული მაჩვენებლები განსხვავებულია ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით (მაგალითად, შვედეთში - 3,6%, ფინეთში - 3,2%,). საქართველოში ეს მაჩვენებელი 0,2%-ს შეადგენს [ხარაიშვილი  ე., 2012].

იმის გამო, რომ ინტელექტუალური პოტენციალი კონკურენციულ ბრძოლაში უპირატესობის მოპოვების, ახალ ბაზრებზე შეღწევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ძირითად გარანტს წარმოადგენს, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ინვესტიციების სულ უფრო მძლავრი ნაკადი მიიმართება ინოვაციური საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფისათვის. ამ მხრივ პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ამ დანიშნულებით გაწეული დანახარჯების საერთო მოცულობამ 2000 წლისათვის 265,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც ათიოდე წლის წინ (1995) 173 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მეცნიერულ კვლევასა და ტექნიკურ დამუშავებაზე აშშ-ის მიერ 2000 წელს გამოყოფილი ინვესტიციები აღემატებოდა: იაპონიის შესაბამის მაჩვენებელს 2,7-ჯერ, გერმანიისას - 5-ჯერ, საფრანგეთისას - 8,4-ჯერ, დიდი ბრიტანეთისას - 9,8-ჯერ, ჩინეთისას - 5,2-ჯერ, რუსეთისას - 24-ჯერ, ხოლო ევროკავშირში შემავალი ქვეყნებისას (ერთად აღებული) - 1,5-ჯერ.

განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს მიერ ინოვაციურ საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები 20-დან 50 პროცენტამდეა. სახელმწიფო ხარჯების საერთო მოცულობაში მეცნიერულ კვლევასა და ინოვაციურ დამუშავებაზე გაწეული ხარჯების  ხვედრითი წილი, მართალია, ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საკმაოდ სტაბილურია და შეადგენს: აშშ – 6 -7 პროცენტს, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში – 4-5 პროცენტს, ხოლო იაპონიაში – 3-5 პროცენტს [ჩიქავა ლ. 2006].

კანადა განეკუთვნება იმ ქვეყნების კატეგორიას, რომლებიც მთელ თავიანთ ძალისხმევას სრულად ახმარენ ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებას. კანადის მთავრობამ 2004 წლის მაისში მიიღო პროგრამა, რომელიც მიმართულია ძირითადად მეცნიერებისა და წარმოების მეცნიერებატევადი დარგების უპირატეს განვითარებაზე. რომლის მიხედვითაც 2010 წლისათვის ქვეყანამ უნდა გააორმაგოს დანახარჯები მეცნიერულ კვლევებზე და ამ მაჩვენებლით ჩადგეს მსოფლიოს ყველაზე დაწინაურებული ქვეყნების ხუთეულში. ასევე, მოსახლეობის ერთ სულზე ვენჩურული კაპიტალის მოცულობით გაუთანაბრდეს აშშ-ს. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება კანადაში სტუდენტთა და ასპირანტთა ყოველწლიური 5 პროცენტიანი ზრდაც.

რიგ სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებთან ერთად, რუსეთის უკიდურეს ჩამორჩენილობაზე მიგვანიშნებს ის გარემოება, რომ 2000 წელს მეცნიერულ კვლევასა და ტექნიკურ დამუშავებებზე გაწეული დანახარჯების მოცულობით იგი ჩამორჩებოდა არა მარტო აშშ-ს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანასაც. მაგალითად, იაპონიას - 9-ჯერ, გერმანიას - 5-ჯერ, ჩინეთს თითქმის - 4,8-ჯერ და ა.შ. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთში ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტათა დამუშავება და დანერგვა ჯერჯერობით არ გვევლინება ეკონომიკური ზრდისა და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ფაქტორად. განვითარებული ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილში მეცნიერული კვლევისა და ტექნიკურ დამუშავებათა დაფინანსების  ძირითად წყაროს ინოვაციურ პოლიტიკაში კერძო სექტორი წარმოადგენს. მაგალითად, 2000 წელს ამგვარი ინვესტიციების ხვედრითი წილი შეადგენდა: იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 71,4 პროცენტს, ფინეთში - 70,2, აშშ-ში - 68,2, შვედეთში - 67,8, გერმანიაში - 66,1, საფრანგეთში - 54,1, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში საშუალოდ - 55,5 პროცენტს. ფედერალური ბიუჯეტის წილი სამრეწველო კომპანიებისას აღემატებოდა და შეადგენდა საბერძნეთში - 48,7 პროცენტს, მექსიკაში - 65,3, პორტუგალიაში - 69,7, თურქეთში - 47,7, რუსეთში - 54,8 პროცენტს [ჩიქავა ლ., 2006]. კერძო კომპანიები ძირითადად გამოყენებითი ხასიათის მეცნიერულ კვლევას (70%) და საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავებებს (90%) აფინანსებენ. ფუნდამენტურ გამოკვლევათა საერთო მოცულობაში კი მათი ხვედრითი წილი 4 პროცენტს არ აღემატება. ამ სფეროში გადამწყვეტ როლს სამთავრობო დაწესებულებები ასრულებენ, რომლებსაც ფედერალური ბიუჯეტი აფინანსებს.

სხვადასხვა ქვეყნების ინოვაციურ სამსახურებს სოფლის მეურნეობაში სპეციფიკური თავისებურებანი გააჩნიათ. ამ მხრივ საინტერესოა ინოვაციების ორი სისტემის განხილვა, ამერიკულისა და ევროპულის, რომელთაც არსებითი განსხვავებები აქვთ როგორც თავიანთი სტრუქტურის, ასევე სამუშაოთა მეთოდიკის პრინციპების მიხედვით. [ФГУРССК, 2006:136]. ცოდნის გადაცემის ამერიკულ სისტემას, ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. 1862 წლიდან ფერმერთა სწავლება აგებულია ცოდნის გავრცელების პრინციპებზე. ამ სამსახურის პირველდაწყებითი ფუნქციები საფუძვლად დაედო აშშ-ის შტატების სასოფლო-სამეურნეო კოლეჯების ფუნქციონირებას. 1914 წელს აშშ-ში ჩამოყალიბდა ფედერალური სამსახური `ექსტენშნ სერვისის” სამმართველოს სახით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში [2010].

როგორია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნები და პრიორიტეტები სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პოლიტიკის გატარების საქმეში? სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკისრებული აქვს ინოვაციების ათვისების ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა სოფლის მეურნეობაში. აღსანიშნავია მხარდაჭერის კიდევ ერთი, კერძოდ, კვლევისა და ფერმერთა სწავლების პროგრამა; კვლევით ლაბორატორიებსა და ექსპერიმენტულ ფერმებში გამოჰყავთ პირუტყვის ახალი ჯიშები; ამუშავებენ მცენარეთა დაცვის ახალ საშუალებებს, წყვეტენ პირუტყვის დაავადებებთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაგალითად, ევროპიდან და ინგლისიდან შემოყვანილ ღორებზე ჩატარებული სანაშენო კვლევითი მუშაობის შედეგად გამოყვანილი იქნა ღორის ახალი ჯიშები, რომლებიც უფრო სწრაფად სუქდებიან მარცვლეულის ნაკლები დანახარჯებით. მოხდა ნიადაგების შემოწმება იმის დასადგენად, თუ რა სახის სასუქებს საჭიროებენ ისინი მარცვლეულის წარმოების გასაზრდელად. სხვა ექსპერიმენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჰიბრიდული თესლების, მცენარეთა კვების, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების მავნებლებთან ბრძოლოს საქმეში [2010].

აშშ-ის ფერმერების ინოვაციური წარმატებები გამოწვეულია აგრეთვე დიდი კაპიტალდაბანდებებით და იმით, რომ სწრაფად მატულოს მაღალკვალიფიციური მუშახელის გამოყენება, ხდება თესლის მეცნიერული დამუშავება და ხელმეორედ გადამუშავება იმ მიზნით, რომ ის მაქსიმალურად პროდუქტიული და გამძლე იყოს დაავადებებისა და გვალვისადმი; გაანგარიშებულია სასუქების გამოყენების და ირიგაციის ოპტიმალური რაოდენობა; მუშავდება ახალი პროექტები ახალი ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ; მექანიზაციის გამოყენება კულტივაციისა და მოსავლის აღებისას ამცირებს შრომის დანახარჯებს და იძლევა დროის ეკონომიას პროდუქციის ყოველ ერთეულზე; იშვიათი სანახავი როდია ფერმერი, რომელიც მართავს ტრაქტორს, ძალიან ძვირად ღირებულ სათოხნს, მიწის დამამუშავებელ ან მოსავლის ამღებ მანქანას და მასზე მიმაგრებულია ჰაერის კონდიციონერით აღჭურვილი კაბინა. ფერმერებს მიეწოდებათ კვლევითი ინფორმაცია `ექსტენშნ სერვისის” სამსასურის მეშვეობით. ეს არის საკმაოდ მოქნილი და ძლიერი სამსახური სასოფლო-სამეურნეო ცოდნის გავრცელებისა და დანერგვის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყოველ შტატს, როგორც წესი, ერთი სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი მაინც აქვს, ხოლო ყოველ ოლქს, ანუ რაიონს -`ექსტენშნ სერვისის” სამსახურის ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერების, აგრეთვე ქალებისა და ბავშვებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას.

დასკვნა

ბოლო წლებში საქართველოში, ცნობილი მიზეზების გამო, მოიშალა ქვეყნის აგროსასურსათო კომპლექსის მართვის მექანიზმი. საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის ხვედრითმა წილმა 2015 წელს 9,2%  შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც სოფლად ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი და მათ მიერ შექმნილი დოვლათი არ არის ამ მაჩვენებლის პროპორციული. საქართველოში დასაქმებულთა ნახევარი სოფლის მეურნეობაზე მოდის და მათი 17-18% დღეში 1 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს იღებს. უკანასკნელ წლებში მკვეთრად შემცირდა აგრარული სექტორის ძირითადი მაჩვენებლები. 2004-2015 წლებში ნათესი ფართობები განახევრდა. შემცირდა მემცენარეობის პროდუქციის წარმოება, მათ შორის კარტოფილის, ხილისა და ყურძნის მოსავალი - 50%-ით, ბოსტნეულისა და ბაღჩეულილს - 60%-ით, სიმინდის - 70%-ით, ხორბლის - 80%-ით. ასევე შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის სულადობა. აღნიშნულ პერიოდში 50%-ით ნაკლები ხორცი და 25%-ით ნაკლები რძე იქნა წარმოებული; 5-ჯერ ნაკლები ხორბალი იქნა მოყვანილი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, რაც გამოწვეულია პირუტყვის გაუარესებული ჯიშობრივი შემადგენლობით, ვეტერინალური მომსახურების დაბალი დონით, მინდვრად საკვებწარმოებასთან დაკავშირებული პრობლემებით; ყოველივე ზემოთ აღნიშნული უშუალოდაა დაკავშირებული ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფასთან. გაუარესებულია ქვეყნის სასურსათო თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ხორბალი, რომლის იმპორტი 3,7-ჯერ გაიზარდა, ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 24%-დან 9%-მდე შემცირდა. საქართველოს მოსახლეობა ერთ სულზე გაანგარიშებით 2015 წელს მოიხმარდა უფო ნაკლებ პურს, ხორცსა და ხორცის პროდუქტებს, რძესა და რძის ნაწარმს, კვერცხს, ხილს, ბოსტნეულს, თაფლს და კვების სხვა პროდუქტს, ვიდრე 2003 წელს. აღნიშნულ პერიოდში პროდუქციის იმპორტი 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო ექსპორტი მხოლოდ 2,5-ჯერ. ამის გამო აგრარულ ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის ადგილი უცხოურმა იაფასიანმა, უმეტეს შემთხვევაში, უხარისხო პროდუქციამ დაიკავა. დღეისათვის კი საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული აგროსასურსათო პროდუქციის 80% იმპორტირებულია.

სოფლის მეურნეობაში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს ხელისუფლება სოფლად კოოპერაციული სისტემის დანერგვა-განვითარებაში ხედავს. რაც შეეხება შეკითხვას - `წარმოადგენს თუ არა კოოპერაციული სისტემა ინოვაციას საქართველოსთვის?”. ვიზიარებთ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერთა აზრს, რომ საქართველოში, სრულიად გასაგები მიზეზებისა და გარემოებების გამო, რამდენადმე საგულისხმო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ამ სისტემასთან მიმართებაში არ არსებობს და შეუძლებელიცაა რომ არსებობდეს, რადგან სამოცდაათი წლის მანძილზე ხელოვნურად რეგულირებული გეგმიური ეკონომიკის, თავისუფალი ბაზრის აკრძალვის, კერძო საკუთრებისა და კერძო მეწარმეობის დათრგუნვისა და კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების სახით ძალმომრეობითი ’’საწარმოო კოპერაციის” დანერგვის პირობებში აღნიშნული სისტემა ვერ განვითარდებოდა. მეტიც, 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ოცწლიან პერიოდშიც დარგის განვითარებასთან დაკავშირებული რამდენადმე გააზრებული და გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვებზე დაფუძნებული პოლიტიკა არც შემუშავებულა და არც გატარებულა.

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებულ გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვებში დაფუძნებული ინოვაციების ათვისების ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით აუცილებელია, სახელმწიფომ, საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისას, ორიენტაცია აიღოს ინოვაციური პროცესების დაჩქარებაზე, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ამასთან, მეცნიერებასა და წარმოებას შორის ურთიერთობა უნდა აიგოს ურთიერთსარგებლობის პრინციპით, პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების შერწყმის საფუძველზე, სახელმწიფოს რეგულირება ძირითადად ირიბი მეთოდებით (საგადასახადო ბაზა, საკრედიტო ინვესტიციები, შეღავათები და სტიმულები და სხვა) უნდა ხორციელდებოდეს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., 2014, ინოვაციები ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამ-ბა, თბილისი.

2. ამერიკის ეკონომიკა – ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა, 2010, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო.

3. გოგოხია თ., 2015, ტექნოლოგიური და მარკეტინგული ინოვაციების დანერგვის ბარიერები და სტიმულები, ჟურნ. ’’ეკონომისტი”, #5.

4. რევიშვილი ზ., 2015, საქართველოს აგრარული განვითარებისა და პოლიტიკის თეორიული საკითხები. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბილისი.

5. რუხაძე ს., 1994, აშშ-ის აგროსამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო რეგულირების საკითხები, თბილისი.

6. ქავთარაძე თ., 2003, აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო, ’’მეცნიერება”, თბილისი.

7. ქველაძე ქ., 2013, ინოვაციების პოლიტიკა ტურიზმის განვითარებაში თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი.

8. ქისტაური ნ., 2015, ინოვაციებისა და ცვლილებების მართვის თანამედროვე პრობლემები. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბილისი.

9. ხარაიშვილი  ე., 2012, ინოვაციური განვითარების პრობლემები საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამ-ბა, ტომი 2, თბილისი.

10. ჩიქავა ლ., 2006, ინოვაციური ეკონომიკა, საგამომცემლო ფირმა ’’სიახლე”, თბილისი.

11. www,fao, org/corp/statistics

12. Kосвоение инновации в агропромишленном комплексе опит и провлемы,  2006, М . : ФГУРССК  - 136 с.